Skip to content

ჩემს შვილს

December 5, 2017

დედა შენ ახლა 1 წლის ხარ. ამას საკუთარი თავის დასამშვიდებლად ვწერ.

მე დედაშენი ვარ. შეიძლება ვერასდროს გავხდე იდეალური, მაგრამ ყოველთვის შენი მშობელი ვიქნები.

ჩვენ ძალიან რთულ და მძიმე საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ხშირად შვილებს არ უსმენენ, ემოციებს უზღუდავენ და ართმევენ ყველაზე ძვირფასს – ინდივიდუალურობას.

შენ ჩემი ბიჭი ხარ. მინდა იცოდე რომ სადამდეც დაგჭირდება შენს ლოგინთან ვიჯდები და მოვუსმენ სუნთქვას. შენ თუ არა ის მეტყვის რამე თუ გაწუხებს. მინდა მთელი გულით  გთხოვო – მელაპარაკე. ტკივილი არასდროს შეინახო. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, წინასწარ ბევრ რამეს ვერ განვსაზღვრავთ. დაცვა რომ შევძლო აუცილებლად უნდა მელაპარაკო. ტირილი მოგინდება? აუცილებლად იტირე. შეგეშინდება? ილაპარაკე შენს შიშებზე, სხვანაირად დაპირისპირებას ვერ შეძლებ.

შენ ჯერ სულ პატარა ბიჭი ხარ. თუმცა დრო ძალიან სწრაფად გარბის. აუცილებლად უნდა იცოდე რომ ტკივილი სირცხვილი არ არის. სირცხვილი სხვისი დაჩაგვრა და დაცინვაა. არასდროს იფიქრო რომ სისუსტე ადამიანის მინუსია. ყველა ადამიანს აქვს თავისი სისუსტე. ამ სისუსტის აღიარებაა სიმამაცე და საკუთარი გრძნობების გამოხატვა.

ოდესმე ვინმე თუ გეტყვის ემოციები უნდა დამალო და საკუთარ თავს მოერიოო არ დაუჯერო. საკუთარ თავთან ომი ადამიანს ანადგურებს. ყველანაირი ომი ანადგურებს. უბრალოდ გიყვარდეს საკუთარი პიროვნება და მის ემოციებს პატივი ეცი. როცა საკუთარი ემოციების პატივისცემას ისწავლი, აუცილებლად შეძლებ სხვების გაგებას და მათი შეგრძნებების დაფასებას. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, მათ გამო საკუთარი თავიდან გაქცევაც გვინდება, მაგრამ არ უნდა გავიქცეთ. მე ყოველთვის ვიქნები აქვე – შენ მოსასმენად, შენ დასამშვიდებლად, შენი სიყვარულისთვის.

დეე, ადამიანების სიყვარულს დამსახურება სჭირდება. შენ ჩემს სიყვარულს იმსახურებ, ახლა ჩემი ჯერია შენი გრძნობები დავიმსახურო. ვერავის შევიყვარებთ იმიტომ რომ “უნდა”. ნამდვილი სიყვარული და პატივისცემა მხოლოდ დამსახურებით მოდის.

იყავი მეგობრული. ელაპარაკე ადამიანებს. არ მიაყენო მათ ტკივილი. და თუ ისინი მოგაყენებენ ტკივილს, ეცადე ეს ტკივილი სიყვარულით გაიყუჩო. ზოგჯერ უსამართლობას შეიძლება შეხვდე, ის ყველგან დაბორიალობს. მაგრამ მას მხოლოდ სამართლიანობა ამარცხებს.

დე. შენ ცდილობ გაიმეორო ჩემი სიტყვები. როცა წამლის ჩაწვეთება არ მოგწონს, მალე ხვდები მის საჭიროებას და რამდენიმე დღეში თვითონ იშვერ ხელს მისკენ. შენ ჭკვიანი არსება ხარ. ჩემი ერთადერთი მოვალეობაა ეს შენი გონებამახვილობა არ გავაქრო, არ გავაქციო. მინდა იცოდე რომ მე ყველაფრისთვის აქ ვარ და ჩვენ ერთად უამრავი რამ გვაქვს სასწავლი. შენ მე მასწავლე სიყვარული. შეიძლება ვერასდროს გავხდე იდეალური, მაგრამ ყოველთვის დაგიბრუნებ ამ სიყვარულს და არ დაგავიწყდეს ამ გრძნობის სხვებისთვის განაწილება.

Advertisements

წერილი პატარა ბიჭს

February 1, 2016

გამარჯობა ყველაზე ძლიერო ბიჭო. მინდა იცოდე, შენ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ხარ. წლებია ყველა მძიმე სიტუაციას შენი დახმარებით ვაღწევ თავს. რაც არ უნდა მარტო ვიყო, თითქოს ყოველთვის აქ ხარ. მესმის შენი ენა, ზუსტად ვიცი როგორია შენი ბავშვური ყინვაშეპარული ხმა. სუნთქვასაც ვგრძნობ, დაღლილს და თითქმის შემწყდარს.

ზუსტად შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ყველა ტკივილი და დამცირება საკუთარ თავზე გამოსცადა. მთელი სამყაროს სიმძიმე მხრებზე მოიკიდა, მაინც არ გაწყდა და კიდევ სამყაროსთვის განაგრძო სიცოცხლე.

მე 24 წლის ვარ, შენ არ არსებობ და მაინც დღემდე დამნაშავედ ვგრნობ თავს ვერ დახმარების გამო. მე ვერ გადაგარჩინე დასახიჩრებას, ვერ შემოგეხიდე თოვლში. მინდა იცოდე, სადღაც შორს, საუკუნების მერე არსებობს ადამიანი, რომელსაც როცა გციოდა ციოდა და შენი ცხოვრების ნაიარევს მთელი ცხოვრება გრძნობდა.

დიდი მადლობა. გმადლობთ ჰუმანურობის ყველაზე დიდი გამოვლინებისთვის. იცოდე რომ იმ დღეს თოვლში შენი ერთადერთი თბილი მოსაცვამი ისედაც გაყინულმა უამრავ გაყინულ ადამიანს მოახურე. იმ დღეს, უამრავი ადამიანი გადაარჩინე სიკვდილს.

არ მინდა გეგონოს რომ ერთი რიგითი პერსონაჟი ხარ. შენ ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი ხარ და მხოლოდ იმითი განსხვავდები სხვებისგან რომ უკვდავი ხარ.

შენ ხარ საუკეთესო მაგალითი. სიკეთის, სიძლიერის და გამბედაობის მაგალითი.

პატარა ბიჭო, გმადლობთ არსებობისთვის. მადლობა მარადიული ბავშვობისთვის და დახმარების ხელის გამოწოდებისთვის.

გვიმპლენ, ყველაზე საოცარი ბავშვი ხარ ვისაც შევხვედრივარ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამდენი ბრძოლისთვის.

კიდევ ერთი, გმადლობთ იმ მტკივნეული ღიმილისთვის, რომელმაც ჩემი ცხოვრება ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა.

სიკეთისთვის, ყინვაში გათბობისთვის და წაქცეულის წამოყენებისთვის. შენ ყველაზე ძლიერი ბიჭი ხარ და არასოდეს გაქრები.

ახალი “პროფილი” და სტერეოტიპები

October 9, 2015

“პროფილი” ახალ სეზონზე ახალი ფორმატით დაბრუნდა. პირველივე გადაცემის ნახვის შემდეგ ფეიჯი დავალაიქე და ყურადღებას ვადევნებ. ბრძოლა სტერეოტიპებთან, ბრძოლა ძალადობასთან – ეს არის ძირითადი თემები. ჩემი ნაცნობების უმრავლესობა ახალ ფორმატს პესიმისტურად შეხვდა და ზუსტად ამ თემაზე მინდა ვისაუბრო.

36e01f137a43

რატომ შეხვდნენ ადამიანები პესიმისტურად მაია ასათიანის ახალ ფორმატს?

  1. სულ დასაწყისში, პრომო იყო ხელოვნური და გამაღიზიანებელი.
  2. თავად ეს შოუ წლების განმავლობაში ემსახურებოდა სტერეოტიპების გამყარებას.
  3. საფუძველი ჩაუყარა უხარისხო შოუების დადგმას და როცა სხვა მსგავსი გადაცემები მომრავლდა, კონკურენციას ვერ გაუძლო და ფორმატი შეიცვალა.
  4. წამყვანი ხელოვნურია.

ქალბატონო მაია, თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს თქვენზე განხორციელებულ ძალადობას, ანუ საშინელ კომენტარებს სოციალურ ქსელში. ახლა თქვენ ზუსტად იმ აუდიტორიაზე მუშაობთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგცინოდათ, რადგან უაზრო ტაშ-ფანდურით და სტერეოტიპებით იყო გაჯერებული თქვენი გადაცემა. ყოველთვის არასერიოზულად აღვიქვამდი თქვენს გადაცემას და არა მარტო მე. როდესაც ტრაგიკულ ისტორიებს ყვებოდნენ თქვენს გადაცემაში (და შეიძლება ეს მართლაც სიკეთის გაკეთების მცდელობა იყო თქვენი მხრიდან) ძალიან სულელურ კითხვებს უსვამდით, ხელოვნური იყო თქვენი თანადგომის მცდელობა (თავისი ტრაგიკული სახით და რესპოდენტთან ხელზე შეხებით).

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, მაგრამ ოჯახური ძალადობის და სტერეოტიპების მიმართ ჩემი ინტერესისა და დამოკიდებულების გამო ამ გადაცემაზე პოსტსაც კი ვწერ. მე არ მივეკუთვნები ადამიანებს, რომლებსაც ცვლილებების და გამოსწორების არ სჯერათ, მაგრამ ამ გადაცემაში ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული და იმ ადამიანების გამოსწორებას/აზრის შეცვლას კი არ ემსახურება ვინც ძალადობს და სტერეოტიპულად აზროვნებს, არამედ მათ გაღიზიანებას. ხელს უწყობს წამყვანის მიმართ ახალი აგრესიის ტალღის წარმოქმნას. რამდენიმე რჩევა მინდა მივცე წამყვანს.

thumb

ქალბატონო მაია, პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩემს ირგვლივ არავინ დაგცინოდათ/გებრძოდათ თქვენი დამოუკიდებლობის გამო, როგორც თქვენ “წუწუნებთ” ხოლმე გადაცემაში (მე პირადად ქალის დამოუკიდებლობას ძალიან ვაფასებ).

პროფილი

მინდა გითხრათ რომ ყვირილი გულწრფელობის დამადასტურებელი არ არის და შეწყვიტეთ. როდესაც რესპოდენტს კითხვას უსვამთ აზრი დაამთავრებინეთ, განსაკუთრებით თუ ის თქვენგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. გადაცემის გარეთ ის ადამიანებიც ჩაწერეთ ვინც სტერეოტიპულად არ აზროვნებს, მედლის ერთ მხარეს ნუ აჩვენებთ მხოლოდ. თქვენი “ტრაგიზმი” მხოლოდ გაართულებს სიტუაციას, ისიც აჩვენეთ რა კეთდება პრობლემის გადასაწყვეტად და არა მხოლოდ ის თუ რა არ კეთდება, რადგან ცალმხრივი გაშუქებით ჩნდება შეგრძნება რომ მხოლოდ პიარისთვის კეთდება ეს გადაცემა. ცოტა ნაკლები ისაუბრეთ საკუთარ თავზე. ხმის ამოღება ნამდვილად კარგია და არც გვიანი, მაგრამ თქვენ იგივე ამპლუაში დარჩით, იგივე მიდგომებით და მანერებით. ხო, კიდევ ერთი რჩევა, ხმარებიდან ამოიღეთ ფრაზა “ამას დაუკარით ტაში”. ფრთხილად იყავით, სტერეოტიპებთან ბრძოლაში, უფრო არ გაამყაროთ ისინი, ან ახალი არ შექმნათ. ნუ მოგყავთ მხოლოდ ერთი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი და ნუ უტევთ მას, ამითი ადამიანებს აღიზიანებთ. და თუ თქვენ ნამდვილად გინდათ რაღაცის შეცვლა, თუ ხარისხიანი გადაცემის გაკეთება გინდათ ეს პოსტი შეიძლება გამოგადგეთ.

ბოლოს კი სტერეოტიპებთან ბრძოლის კულტურულ და კარგ მაგალითს გაგიზიარებთ, ეს აუცილებლად წასაკითხი პოსტია არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის. და საერთოდ, ვინც უპირისპირდებით სტერეოტიპებს, ნუ დაუპირისპირდებით აგრესიით და აიღეთ მაგალითი მშვიდი, გაწონასწორებული მებრძოლებისგან.

გისურვებთ წარმატებას, რადგან თითოეული მცდელობა შეიცვალოს საზოგადოება უკეთესობისკენ დასაფასებელია.

ჩვენ პრინცესები

June 8, 2015

წერისთვის ყოველთვის ძალიან ცუდ დროს ვარჩევ ხოლმე. ხვალ ძალიან დამღლელი სამუშაო დღე მელოდება, ადრე უნდა დავიძინო, თუმცა სწორედ ამ დროს მომინდა თქვენთვის რაღაცების მოყოლა.

საკუთარი თავისთვის ზღაპრები მოგიყოლიათ?

მე ერთი ზღაპარი მქონდა ამოჩემებული, ზუსტად ისეთი როგორიც ამერიკული ჰეფი ენდია.  ეს ზღაპარი ახლა უკვე ცოტა ტკივილით მახსენდება, ზოგჯერ კი საკუთარი თავის გამხნევებით დაღლილს მეცინება.

ზღაპარი იყო პრინცესად გადაქცეულ ჩემზე.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორცხვი გოგონა, რომელიც ყოველ დღე ვერის დაღმართებიდან სიმორცხვის დასამარცხებელი ფიქრებით დატვირთული ეშვებოდა სკოლისკენ. როცა ჰკითხავდნენ გაკვეთილს წინა დღის ნამეცადინების მოყოლა არ უნდა შერცხვენოდა. მაგრამ ზღაპრიდან, თუ სიზმრიდან გამოყოლილ ლამაზ კაბას, გამხდარ სხეულს და თავდაჯერებულ გამოხედვას რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა აქრობდა. მძიმე ნაბიჯებით სკოლის საფეხურებს აირბენდა და ივიწყებდა რომ ერთ დროს პრინცესა იყო, მერე რა თუ ეს არავის ეცოდინებოდა. დღეს თუ არა ხვალ, მალე აუცილებლად გაიგებდნენ, სახეზე გაოცება გამოეხატებოდათ, თურმე მათ გვერდით ნამდვილი პრინცესა ყოფილა.

იმედის დაკარგვა არ შეიძლება, პრინცესები ყველა ზღაპარში ძალიან რთულ გზას გადიან. პრინცესები რეალურ ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ, დამღლელ სამუშაოს ასრულებენ, სუქდებიან, ბევრ ტატუებს იკეთებენ, ეწევიან, სხვა პრინცესებზე ფილმებს უყურებენ და ტირიან, ბერდებიან, ავიწყდებათ რომ ისინი ნამდვილი პრინცესები არიან.

ჩემი ზღაპარი მხოლოდ ის იყო რომ ყველაზე ლამაზი კაბით სადღაც მივდიოდი, წარმოდგენა არ მქონდა სად და ვისთვის, მაგრამ აუცილებლად მივდიოდი და აუცილებლად ლამაზი კაბით. კაბები ასაკთან ერთად იცვლებოდა, ადგილებიც და ის ადამიანებიც ვისი გაოცებული სახეების დანახვაც მსურდა.

ეს ზღაპარი ალბათ გრძელდება სიბერეშიც და შვილიშვილების ყოლის მიუხედავადაც, ზოგჯერ დაძინებისას შენს ზღაპარში პირველ სიყვარულს (რომელიც კაცმა არ იცის ახლა როგორ გამოიყურება) თვალებში დიდხანს უყურებ, ის ხვდება რომ ძალიან გადაიღალე მისი ლოდინით, მხარზე თავს ადებ და წლების განმავლობაში შეთხზულ ზღაპრებს უყვები. რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო ჩახვეული და აუსრულებელი ხდება შენი მთავარი ზღაპარი, სადაც წარმოუდგენლად ლამაზი კაბა გაცვია და ყველას აოცებ.

გარეთ წვიმს, ოთახში ჩემი წარმოდგენა ვალსს ცეკვავს და მახსენებს რომ ჩვენ ნამდვილი პრინცესები ზოგჯერ ვიღლებით, ზოგჯერ კი ზღაპრის დასასრულამდეც ვეღარ ვაღწევთ.

მე და ჩემი პოლ ოსტერი – “ნიუ-იორკული ტრილოგია”

March 23, 2015

არ მახსოვს ქართულის რომელმა მასწავლებელმა მითხრა, მწერლობაზე ნაკლები ნიჭი არ არის კარგი მკითხველი იყოო. წარმოდგენა არ მაქვს ვარ თუ არა კარგი მკიხველი, თუმცა კითხვა ჩემი ცოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ზოგჯერ პროფესია მგონია.
ახლა გვერდით ბოლოს წაკითხული წიგნი მიდევს, მასთან გამომშვიდობება ძალიან მიჭირს. მთელი ღამე გვერდებს ვეწაფებოდი, ბოლო გვერდისკენ მიმიწევდა გული, ახლა კი საკუთარ თავზე ვბრაზობ, რატომ ვიჩქარე ასე? თავიდან წაკითხვის შემთხვევაში პირველი შეგრძნებები აღარ განმეორდება.
მყავს რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი ავტორი, მაგრამ ასე ახლოს საკუთარ სამყაროსთან მხოლოდ პოლ ოსტერს ვგრძნობ.
თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, პოლ ოსტერი დაკარგული, ჩიხში შესული მწერლების ავტორია. მან შეიძლება არ გაჩვენოს გზა, მაგრამ საკუთარი პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის აღწერით თავდაჯერებულობას გმატებს და მტკივნეული მარტოობისგან გიხსნის.
“ნიუ-იორკულ ტრილოგიას” მწერლის გონების ლაბირინთებში შევყავართ და თუ თქვენც წერთ, აუცილებლად აღმოაჩენთ საკუთარ ლაბირინთს.
აურზაური, შეგრძნება რომ საკუთარ თავში ვეღარ ეტევი, ჰაერის უკმარისობა, საკუთარ მოწოდებასთან ბრძოლა, საკუთარი გონებაში გზის აბნევა – ეს ის შეგრძნებებია, რომლითაც პოლ ოსტერი შენი უახლოესი მეგობარი ხდება.
“რომ წერო, მარტო უნდა იყო. წერას მთელი შენი ცხოვრება მიაქვს. რაღაც თვალსაზრისით, მწერალს საკუთარი ცხოვრება არც გააჩნია. მწერალი შეიძლება გვერდითაც გეჯდეს, მაგრამ სინამდვილეში სხვაგან იყოს”.
თუ კი წერ, გრძნობ პოლ ოსტერის ხელს მხარზე და კითხვის დასრულების შემდეგ. ფიქრების გარდა შენს საქმეშიც მთელი გულით ეშვები. ჩვენ ყველამ საკუთარი ლაბირინთებიდან უნდა გამოვაღწიოთ, მაგრამ იქ დაკაკრგვაც არ არის აღსასრული.
“თუ წიგნების ძალაუფლების გწამს, სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, თვით სიცოცხლეც კი გეპატარავება”.
მიყვარს ეს ავტორი, მთელი გონებით ვგრძნობ მას, რადგან პოლ ოსტერი თითქოს დედამიწის ნებისმიერ წერტილში არსებულ მწერლებს შორის დამაკავშირებელი ხაზია.
ეს მწერალი სასოწარკვეთილი ავტორებისაა. ხელს გკრავს და იმ სამყაროში  გაბრუნებს,  რომლიდანაც გაღწევას სრულიად უსამართლოდ ცდილობდი.

პაციენტი მეზობელი ოთახიდან

January 20, 2015

N1 ექსპერიმენტი

ვიღვიძებ, თვალებს წვალებით ვახელ. ცოტა მეძინა. თავი მექავება. მალე ქავილი სხეულის სხვა ადგილებზეც გადადის. მახველებს. გაციებული ვარ, თუმცა ახლა გაუჩერებლად მახველებს. საათს ვუყურებ – დილის 7 საათია, 3-ზე დავიძინე. ვცდილობ ძილი გავაგრძელო მაგრამ რამდენიმე გაბრძოლების შემდეგ ვხვდები, აზრი არ აქვს. ხველება, ქავილი, რომელიმე ცუდ მოგონებას ვარჩევ და დადებით ემოციას ვუპირისსპირებ. ახლა ემოციების ომი უნდა გაიმართოს ჩემში, მე კი დავაკვირდე რომელი გაიმარჯვებს. ეს ბრძოლა არასდროს მთავრდება კარგად,  რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს. შედეეგად ვიღლები და ყველაფერს მაინც ცრემლები ასრულებს. ვერ ვისვენებ, ლოგინში ვწრიალებ და საკუთარ თავს ვუმეორებ „დაიძინე, ძალიან გთხოვ დაიძინე“. ქავილი მიძლიერდება, მტკივდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი. თავს მომაკვდავად ვგრძნობ, თითქოს ორგანოები მიყოლებით იწყებენ გახრწნას, ოღონდ ამ დროს გონებას არ ვკარგავ და სუნიც კი მცემს. არ ვიცი ასეთი შეგრძნება მაქვს თუ ჩემი ფანტაზიები, წარმოდგენები გაცდა ზღვარს. უამრავ საგანზე ვფიქრობ ერთდროულად და რაც უფრო მეტს ვფიქრობ მეტად მექავება თავი. თავზე კანი მეწვის, საბანს ადგილი ვერ მოვუძებნე, სიცივე და სიცხე მომენტალურად ენაცვლება ერთმანეთს. ვიხსენებ ამ დროს რა მშველის ხოლმე და სასწრაფოდ აბაზანაში შევდივარ. ვჩქარობ, ფეხი მისრიალდება, ვღელავ, ქავილი წარმოუდგენლად მტკივნეული ხდება და უცბად ცხელი წყალი.
დროს ვერ ვგრძნობ, არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი წყლის ქვეშ და ვიმეორებდი – მალე დავწერ, მალე დავწერ, მალე დავწერ. ეს პირველი მცდელობა იქნება დავწერო რას ვგრძნობ, რატომ მგონია რომ ვგრძნობ და საერთოდ ყველაფერი დავწერო. ძალიან მომწონს ეს დავალება. მითხრეს რომ სათაური ჩემით უნდა მომეფიქრებინა, ფსიქოლოგი არასდროს მეძახის პაციენტს, უბრალოდ სახელით მომმართავს. სათაურად უნდა დაგვერქმია ის რასაც ჩვენს თავს ვუწოდებდით – გამარჯობა, მე ვარ „პაციენტი მეზობელი ოთახიდან“.
ვფიქრობ, ჯერ სახელის ახსნა დავიწყო, თუ იმის მოყოლა როგორ დაიწყო ყველაფერი. მარტივად გადაებმევა, ასე რომ დიდი მნიშვნელობა არც აქვს.
აუცილებლად მკითხავენ რატომ დავირქვი ეს სახელი. წარმოუდგენლად გრძელი, დაუსრულებელია ამ „პაციენტის“ ამბავი – უნდა შევეცადო მოკლედ მოვყვე. ყოველთვის მინდოდა საგიჟეთში მოხვედრა, ეს სურვილი ახლაც ხშირად მიჩნდება. ჩემს სულს ერთი დაავადებაა აქვს – ჩემი გონება. მე ზედმეტად გიჟი ვარ იქ შესაშვებად, დარწმუნებული ვარ ყველა პაციენტს გავურთულებ მდგომარეობას და უფრო გავაგიჟებ. ჩემი პალატა იქნებოდა ყველაზე ჩაკეტილი პაციენტის გვერდით, მე კი მას წერილებს მივწერდი. მე მისთვის ვიქნებოდი „პაციენტი მეზობელი ოთახიდან“ და ოთახიდან იმიტომ რომ სიტყვა პალატას ვერ აღიქვამდა. შეიძლება კითხვა არც შესძლებოდა, მაგრამ მე მაინც გაუთავებლად მივწერდი წერილებს, მის შეგრძნებებსაც თავად წარმოვიდგენდი, დაუსრულებლად დავწერდი წერილებს.

არ მახსოვს ეს ყველაფერი როდის დაიწყო. ელემენტარული ჩხუბის შემდეგ დაუსრულებელი ტირილი დავიწყე, კანკალმა ამიტანა, აუხსნელმა შიშმა. დავიწყე ცუდ რაღაცებზე ფიქრი, გონების ნაწილი რეალობაში დამრჩა, მეორე ფანტაზიებმა შთანთქა და კანკალი აღარ წყდებოდა. შემდეგ ერთი ადამიანი ჩემს ლოგინთან იჯდა და ცდილობდა წამალი დამელია, ხელებს მისრესდა, ძალიან თბილი ხელები ჰქონდა. .
მისმა თბილმა ხელებმა თითქოს სულამდე ჩააღწია და რაღაც მომენტში დავმშვიდდი. არ მახსოვს მაშინ რამდენი წლის ვიყავი.
მერე მგონი ამის გამოწვევა ვისწავლე. ღამე როცა ჩემ გვერდით დედა და მამა დაიძინებდნენ მეწყებოდა. რაც დრო გადიოდა უფრო მტკივნეული იყო, უფრო მეტად მეცოდებოდა ჩემი თავი.
მთელი სხეული მიბუჟდებოდა, ტირილი გავდა უხმო ხავილს სხეულისას და ვგრძნობდი როგორ უუნარო ხდებოდა ყველა უჯრედი. შეიძლება მომწონდა ამის კეთება, მომწონდა საკუთრი თავის შეცოდება. საბანს პირზე ვიფარებდი და სხეულს ვაძლევდი საშუალებას ემოციების მწარე ტკივილით ავსებულიყო.

ბევრჯერ მითქვამს რომ დახმარება მჭირდებოდა, რაღაც ვერ არის რიგზე – მეთქი. თუმცა ჩემები არასდროს აღიარებდნენ პრობლემად იმას რასაც მე ვაღიარებდი. არასდროს ვაღიარებდი რომ მსუქანი ვიყავი, ჩემები კი გამუდმებით ცდილობდნენ დავერწმუნებინე, დავერწმუნებინე ექიმისთვის მიმემართა. „ეს უკვე აღარაა სახუმარო თემა, ექიმი სჭირდება ამ სიმსუქნეს“, ყველაზე მწარედ დამახსოვრებული სიტყვებია. მე კი ყოვლთვის მეცინებოდა გულში, ბედნიერების მომენტში მუდამ ვხდებოდი, ნერვიულობისას კი ვსუქდებოდი. არ შევეკამათებოდი, ნამდვილად ექიმის საქმე იყო, მაგრამ სხვა ექიმის, ეს იყო სხვა ექიმის საქმე.

არ ვიცი ამ ნაწერიდან რას გაიგებენ, თუმცა თავს უკეთ ვგრძნობ და შევძლებ ძილის გაგრძელებას. ვიცოდი რომ წერა კარგი იდეა იყო მკურნალობისთვის.
ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია,
ეს მეზობელ ოთახში რომ პაციენტია იმის გონებაა.

გაიქეცით ქალებო, გაიქეცით!

October 19, 2014

ჩაი დავისხი, სიგარეტი მოვიმარაგე, პლედი შემოვიხვიე და მონიტორს მივაჩერდი. მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტი შევიქმნა, ჩემს პატარა ბინაში მაინც შევქმნა მშვიდი და სასიამოვნო სამყარო, თუმცა არ გამომდის. არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო გარშემო არსებული პრობლემები დაეიგნორირებინა.  ორი დღეა ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ არაფრით გამოდის. სანამ ერთი მოვლენის გადახარშვას მოასწრებს ჩემი გონება, უარესი ხდება.

მახსენდება საკუთარი თავი წლების წინ, როცა ქალთა უფლებებზე, ოჯახურ ძალადობაზე დავიწყე ფიქრი და ირგვლივ გამუდმებულ ირონიას ვაწყდებოდი (საკუთარ ოჯახშიც კი). ახლა უკვე არ არსებობს ჩემს გარშემო საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ აღიარებს არსებული სიტუაციის სიმძიმეს.

სანამ გამოსავალზე საუბარს დავიწყებდე (იმის მიუხედავად რომ არ ვიცი რა არის გამოსავალი), მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო. დანაშაული რომ მიზეზის გარეშე არ მოხდება ეს მგონი ყველამ იცის, რაღაც მიზეზი ყოველთვის არსებობს. თუმცა რა არის ეს გამომწვევი მიზეზები? მინდა ვკითხო ქალბატონ ეკა ბესელიას. თუმცა ამ შემთხვევაში მე ამნისტიას არ შევეხები.

ეს მკვლელობები უკვე თითო მკვლელობა და ერთი გამოსაძიებელი საქმე აღარ არის, ეპიდემიაა.

როცა ხარ მშობელი,  ზრდი შვილს (განსაკუთრებით დედებს ეხებათ), ხდება შენი შვილი სრულწლოვანი და საკითხს უდგება ასე – ”სხვისი ნახმარი ქალი რა ჯანდაბად მინდა შვილების დედად”, რას აკეთებ? ჩემი აზრით შვილს ადამიანურ ღირებულებებზე უნდა ესაუბრო. რა ტერმინია ”ნახმარი”? რომელასც ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირად მოვისმენთ. ქალი ცხვირსახოცია, თეფშია, იატაკის ტილოა? ან საერთოდ როგორ ან რატომ გვიკვირს მკვლელობები, ძალადობა, როცა 20-21 წლის ბიჭებს თავისი შვილების დედის ფორმულები გამოყავთ. ამბობენ რომ ის არ უნდა იყოს ”ნახმარი” და მაშინ მას ეძლევა შანსი ამ ”ჭაბუკისგან” შვილების გაჩენის. რას აკეთებს ამ დროს ქართველი მშობელი? არ ვიცი. მაგრამ წარმომიდგენია რომ აქეზებს.

ძალიან ღრმად არის გამჯდარი ტერმინები, რომლებიც ქალებს არა თუ ამცირებს, ადამიანადაც არ აგდებს. ჩვენ ვიცინით ამაზე, ზოგჯერ ალბათ ”არა ნახმარი” გოგოებიც უბამენ მხარს. დიახ, მგონია და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მშობლები უწყობენ ხელს კაცის თვალში ქალის დასაკლავ ცხოველად გამოჩენას. ის რომ ადამიანებს ასე ყოფ ხომ ძალიან ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როცა ”შვილების დედას” ქმნი სახედ, რომელიც მომავალში უნდა გემსახუროს შენ, შვილებს, ოჯახს. აღარ არის ეგრე ძალიან დიდი ხანიაო ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, მაგრამ ხშირად შევხვედრივარ ახალგაზრდა ადამიანებს, რომელბიც ზუსტად ასე უდგებიან საკითხს – ქალი არის სხვა თემა, ცოლი სხვა.

პოლიციის, საზოგადოების, ხელისუფლების სიცივე. როცა ადამიანი დაუცველია, როცა არ არსებობს შემაკავებელი მექანიზმი აუცილებლად იქნება ძალადობა. ეს ყველაფერი არის დაუცველობის დიდი ჯაჭვი. ადამიანს უნდა იცავდეს ხელისუფლება, პოლიცია და საზოგადოება. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ძლიერი ძმა, მამა ან ნათესავი დასაცავად.არ უნდა გამოიყოფოდნენ სუსტი და ძლიერი ქალები, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ თანაბრად დაცულები. არ ვიცი რომელი ერთი ამბავი მოვიყვანო მაგალითად, როცა პოლიცია ვერაფერს ან არაფერს არ აკეთებს ძალადობის მსხვერპლის დასაცავად, და საზოგადოება რომელიც გაკვირვებული აცხადებს რა უნდა ექნათ? ხომ არ დაიჭერდნენ მხოლოდ იმიტომ რომ ქალმა თქვა ჩემზე ძალადობენო?

ადრე იყო პრობლემა ქალები ხმას არ იღებენ და ჩვენ როგორ დავეხმაროთო. ახლა ზუსტად ვიცით რომ ქალებმა ხმა ამოიღეს, ითხოვეს დახმარება და ისინი მაინც მოკლეს. ზოგჯერ მგონია რომ არაფერს აზრი არ აქვს, ამ თემებზე საუბარი სრული აფსურდია იმ საზოგადოებაში სადაც ადამიანის სიცოცხლეს ნამდვილად ჩალის ფასი აქვს, თუმცა ჩალა გაცილებით ძვირად ფასობს ამ ქვეყანაში. იყო დრო როცა მეგონა რომ დაზარალებულ ქალებს ხმა უნდა ამოეღოთ, ახლა აღარ ვიცი რა ვუთხრა ამ ქალებს. ან  მე თუ მსგავსი რამ შემემთხვევა რას ვიზამ? თუ ვიქნები მსხვერპლი, ვიქნები სუსტი, რას იტყვიან გარშემომყოფები? დაიწყებენ იმის ძიებას მანამდე ვისთან მქონია ურთიერთობა, იქნებ ვაწყენინე ვიღაცას, იქნებ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამ დროს თუ მომკლეს? ჩემს თავზე იმიტომ გადმომაქვს, მინდა ამ პოსტის მკითხველმა გაააცნობიეროს რომ დაცული არავინაა.

თითოეულ მოკლულ ქალზე ისტორიის გაგებისას გული საშინლად მეკუმშება, მაქვს შეგრძნება რომ ამ ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებს და მალე ჩემს ირგვლივაც დაერევა ჩემთვის ძვირფას ქალებს. დიახ, ზუსტად ერთი ადამიანის სახე აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც ვერაფერს ან არაფერს აკეთებს.

რა არის გამოსავალი? რა გითხრათ? მოდით დავირაზმოთ ქალებო, ერთად დავდგეთ და ბევრნი რომ ვიქნებით ვერაფერს დაგვაკლებენ – მეთქი? ასე სუსტად არასდროს მიგრძვნია თავი. სანამ მე ამ პოსტს ვწერ ვიღაც ქალს შეიძლება ატერორებენ, სისხლს უშრობენ, აშანტაჟებენ და მალე შეიძლება მოკლან კიდეც. ძალიან მინდა რომ ხმა ამოიღოს ეკლესიამ, როგორმე ერთ ძალადობის საწინააღმდეგო განცხადებას თუ ეპისტოლეს მოაბან თავი. გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ გამოსავალს ვერ ხედავენ მოწოდებები მაინც გააკეთონ, როცა ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდოდათ ხომ არ ჩუმდებოდნენ? ახლა ნარკოტიკებზე, რუსეთზე და ქურდობებზე გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. ყველა ადამიანი ვისაც რაიმე  საშუალება აქვს გამოხატოს აზრი, ლაპარაკი, მოწოდება ყველაზე მინიმუმია რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ვერავინ დამაჯერებს რომ მე აღვიქვამ მძაფრად ამ სიტუაციას. თუ ადამიანის სიცოცხლე არ არის ყველაზე მთავარი ღირებულება, მიმიფურთხებია თქვენი იდეებისა და ლაპარაკისათვის.

გამოხტება ვიღაც და იტყვის რა ტვინი წაიღეთ ამ ქალებითო, და ეგ ადამიანები ყველანი შეურაცხადები ხართ. ხომ გამოხვედით მთელი ერი არიქა შუქი არ გვაქვს და არიქა შევარდნაძემ ქვეყანა დაგვინგრიაო? ხომ გამოვედით მთელი ერი არიქა კაცებს გვიუპატიურებენო? დღეში ორი ყოფილი ცოლი კვდება და ეს უფრო მნიშვნელოვანი არაა? თუ მიზეზებს არკვევთ? პატიმრებს რომლებსაც ცოცხებით უპირისპირდებოდნენ შეიძლება მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ ჩვენ ავიმაღლეთ ხმა ძალადობის, ადამიანობის შელახვის წინააღმდეგ.

კიდევ რამდენი ქალი უნდა მოკლან? არავინ მითხრათ რომ საზოგადოება არაფერ შუაშია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. როცა საზოგადოებას სჭირდება ძალიან კარგად ხმაურობს და რატომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ”იდეალურობას”, თუ თავად ვართ დაკავებული შერჩევითი სამართალით.

მაპატიეთ სასოწარკვეთილი ტონისთვის,

მაპატიეთ რომ კონკრეტული გამოსავალი არ ვიცი.

გაიქეცით ქალებო, რაც შეგიძლიათ შორს გაიქეცით, რადგან ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ თქვენს დასაცავად!