Skip to content

ნუ მოკლავ ცოლს!

May 22, 2014

სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხატავს უკმაყოფილებას რა სულ ცუდი ამბებია, რამე კარგიც თქვითო. სამწუხაროდ მეც ცუდ ამბებზე, ცუდ თემაზე უნდა გესაუბროთ.

ბევრჯერ დამიწერია პოსტი იმის შესახებ, რომ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა და მისი სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე. უკიდურეს შემთხვევაში, როცა რომელიმე ადამიანი ჩადის სასტიკ დანაშაულს კანონმა უნდა უზრუნველყოს დამნაშავის სათანადოდ დასჯა და დამნაშავის სიცოცხლე უნდა დაიცვას. წესით ამაზე საუბარი არ უნდა მიწევდეს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს მოკვლას ამართლებენ. კიდევ ვიმეორებ, უკიდურეს შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული.

ბოლო დროს ძალიან გახშირდა ქმრის მიერ ცოლის/ყოფილი ცოლის მოკვლა. ასევე  გახშირდა კომენტარები იმაზე, რომ საზოგადოება არაფერ შუაშია და ვიღაც გადარეულების საქციელი ყველა კაცს არ უნდა შეეხოს, მათ სახელზე არ უნდა იმოქმედოს. იმედები უნდა გაგიცრუოთ მეგობრებო და გითხრათ, რომ ეს თქვენც გეხებათ.

Image

ოჯახური ძალადობის სიმრავლე ახალი ამბავი არ არის საქართველოსთვის. არც ის არის ახალი ამბავი რომ კაცის მიერ ღალატი გამართლებულია, ხოლო ქალის მიერ სასტიკი დანაშაული. ასევე ხშირია მოწოდებები იმის შესახებ, რომ ოჯახის პრობლემა გარეთ არ უნდა გავიდეს. შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პოსტი ოჯახური ძალადობის შესახებ.

შესაძლებელია ეს გახშირებული მკვლელობები მართლაც ვიღაც პათოლოგების, ავადმყოფების მიერ არის ჩადენილი და აქ საზოგადოება არაფერ შუაშია. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რომელიმე დაღუპულთაგანი იქნებ მანამდე იყო ძალადობის მსხვერპლი და ხმა არ ამოიღო? იქნებ ამ ქალებსაც ეუბნებოდნენ რომ ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გასულიყო? ან იქნებ ეუბნებოდნენ რომ თუ უყვარს უნდა გაუძლოს? ან იმას რომ ოჯახის დანგრევა ამის გამო არ შეიძლება? იქნებ ხმას არ იღებდნენ ეს ქალები მარტო დარჩენის შიშის გამო? და თუნდაც ყოფილიყო ღალატი, ნუთუ სხვაგან სითბოს ძებნა სიკვდილით უნდა ისჯებოდეს?

იქნებ ეს მოკლული ქალები, ან რომელიმე მათგანი ცდილობდა ქმრისგან თავის დაღწევას და სტერეოტიპებით გაჟღენთილმა საზოგადოებამ უთხრა:

– არა რა სასამართლო, ციხეში შვილების მამას ხომ არ ჩასვამ;

– არა რა პოლიცია, ციხიდან რომ გამოვა მერე უარესს გიზამს.

ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა ამ ქალების ოჯახებში, მაგრამ თუ რომელიმე მათგანის ისტორია იყო ასეთი, დავიჯერო საზოგადოების პრობლემა მაინც არ იქნება?

ჩვენი პრობლემაა ძვირფასო მეგობრებო ის რომ  საკმარისად არ ვცდილობთ სტერეოტიპების ნგრევას, ან საერთოდ ვერც ვიაზრებთ რა ზიანს აყენებს ადამიანს სტერეოტიპი.

მინდა მჯეროდეს რომ ოდესმე ჩამოვყალიბდებით იმ საზოგადოებად სადაც ქალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი არსება კი არა, კაცის თანასწორია.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და რაღაც სტერეოტიპებს არ უნდა მივცეთ საშუალება მოსპოს ეს სიცოცხლე. ბოდიშს გიხდით ამ გაზვიადებისთვის. უბრალოდ ჩემზე ძალიან მოქმედებს ბოლო დროს გახშირებული მკვლელობები და ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ ცხოვრობდნენ ეს ქალები. იქნებ ჩვენ ყველას შეგვეძლო მათი შველა?

სიმბოლურად მინდა მივმართო კაცებს (დარწმუნებული ვარ მკვლელი კაცები ჩემს ბლოგზე არ შემოდიან მაგრამ მაინც)

ნ უ  მ ო კ ლ ა ვ თ  ც ო ლ ე ბ ს !

და ბოლოს:

აბსურდის თეატრია ეს ყველაფერი.

Image

 

 

 

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: