Skip to content

უარი თქვი დანაშაულზე

February 24, 2014

პატიმრები ჩვენი საზოგადოებისათვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, დიდი პროტესტი მოჰყვა პატიმრებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას. მინდა დაგისვათ კითხვა, რას აკეთებს საზოგადოება დანაშაულის ასაცილებლად? როგორ ხვდება საზოგადოება ყოფილ პატიმრებს?  შესაძლებელია თქვენი პასუხი ასეთი იყოს – კი მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია?

პირველ რიგში მინდა გიამბოთ რა კეთდება ამ კუთხით, კერძოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასახმარებლად.

არსრულწლოვნებში დანაშაულის ასარიდებლად და დამნაშავის რეაბილიტაციისთვის იუსტიციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, დანაშაულის პრევენციისა და  ინოვაციური პროგრამების ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცები გაერთიანდნენ.

პრევენცია –   წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად. იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც პრევენციის სამ დონეს შეიცავს ( პირველი – მოიცავს ყველა არასრულწლოვანს, მათ შორის იმათ ვისაც კანონთან კონფლიქტი არ ჰქონია. მეორე – როცა არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ არის, ანუ ლატენტური დამნაშავეა, რისკ ჯგუფების გამოვლენა დამუშავების პროცესშია. მესამე დონე –  მოიცავს არასრულწლოვნებს რომლებმაც უკვე დაარღვიეს კანონი. )

ეს პროექტი მოიცავს განრიდებას და მედიაციას – ანუ დამნაშავის გარიდებას პროკურორისგან, დიალოგს(შერიგებას) დამნაშავესა და დაზარალებულს შორის.  ეს ეხებათ არასრულწლოვნებს, რომლებიც კანონთან კონფლიქტში პირველად არიან, აღიარებენ ბრალს და მზად არიან შეცდომის გამოსასწორებლად. არასრულწლოვანს ეკისრება გარკვეული მოვალეობები, რათა კარგად მიხვდეს და გაიაზროს თავისი დანაშაული.  განრიდების დახმარებით არასრულწლოვანს საქმეში ნასამართლეობა არ ეწერება, მთლიანად კონფიდენციალურია მისი ვინაობა. პარალელურად სოციალური მუშაკი აკვირდება დამნაშავეს და მის ბიო-ფსიქო-სოციალურ პორტრეტს ქმნის. განრიდებით რეალურად ხდება არასრულწლოვნის ციხისგან არიდება და ხელი ეწყობა შემდგომში დანაშაულის გამეორების აცილებას. განრიდებაში ჩართული არასრულწლოვნები მონაწილეობენ საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში, ანაზღაურებენ ზარალს, უბრუნდებიან საზოგადოებას. ეს პროექტი 2010 წლიდან მოქმედებს , 557-მა არასრულწოვანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო დანაშაული მხოლოდ 24-მა გაიმეორა (მონაწილეობა ნებაყოფლობითია).

პრობაცია – ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ციხიდან გამოსულ არასრულწლოვანს საშუალება ეძლევა მიიღოს განათლება, გაიაროს სტაჟირებები და მომავალში დასაქმდეს. მაგალითად, პროფესიული კურსების პროექტი იყო 400 ადამიანზე გათვლილი,რომელშიც სახელმწიფო კოლეჯები მონაწილობდნენ, მაგრამ 400 ადგილიდან მხოლოდ 72 შეივსო.

ძალიან მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნებისთვის სწორი მიმართულებების  მიცემა, მრავალ გასართობ თუ შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებად ჩამოყალიბება. რაც უფრო მეტი ორგანიზაცია, თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ამაში მით უფრო ნაკლები შანსი იქნება დანაშაულის ჩადენისა. ამით არა მხოლოდ დანაშაულს ავიცილებთ, არამედ საზოგადოებას შევმატებთ „მშრომელ ხელს“, აქტიურ  და სოციალიზებულ ადამიანს.  მაგრამ   ყურადღება პრობაციაზე მინდა გავამახვილო.  გზა არსებობს, ნამდვილად არსებობს „გადარჩენის“ გზა, მაშინ რატომ არ ირჩევენ ამ გზას?  პრობაციაზე მომუშავე ადამიანი ყვება რომ არასრულწლოვანი პატიმრების უმრავლესობა პირდაპირ სამსახურს ითხოვს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ უცხოეთში გამგზავრებას გეგმავს, უარს აცხადებს თანამშრომლობაზე. საკმაოდ ნაცნობი ტექსტია. ჩვენ ხშირად ხელისუფლებისგან, თუ მშობლებისგან ვითხოვთ უკვე შექმნილს, გამზადებულ მომავალს. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ციხეშია თუ გარეთ, ჩვენს საზოგადოებაში არის პრობლემა ნელ-ნელა, ეტაპობრივად წარმატების მიღწევისა, რა თქმა უნდა პატიმარს ეს პრობლემა გაძლიერებული ექნება, რადგან ციხეში ბევრი დრო დაკარგა და ახლა უკვე პირდაპირ  შედეგებზე უნდა გადასვლა. იქნებ ჩვენშია პრობლემა? იქნებ ჩვენ, საზოგადოება ვაძლევთ არასრულწლოვნებს ცუდ მაგალითს? მენტალიტეტის შეცვლას დიდი დრო სჭირდებაო და ახალი თაობიდან უნდა დაიწყოსო ამბობენ, მე კი მიმაჩნია რომ სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, პრობლემის სწორად დანახვის შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. საზოგადოების წვლილი ძალიან დიდია იმაში, თუ როგორი მომავალი ექნებათ პატიმრებს, მივცეთ მათ უკეთესი მაგალითი და ნუ ვკრავთ ხელს, ნუ გავრიყავთ მათ.

freedom

რეალურად ბევრი რამ კეთდება, არსამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ უკვე მეორე პროექტს ანხორციელებს, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში“  და სწორედ ამ პროექტში შედის ბლოგერების კონკურსი რომელშიც მე ვმონაწილეობ. ნეტა რომ არა ეს კონკურსი როდის გავიგებდი პრობაციისა და განრიდების შესახებ? ალბათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ. მიმაჩნია რომ თითოეული მოქალაქე უნდა დავინტერესდეთ ამ საკითხით, მედია უფრო აქტიურად უნდა აშუქებდეს მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებს. სწორედ ინფორმაციის  გავრცელებით იწყება პრობლემის მოგვარება.  ხელისუფლების აქტიურობას და არასამთავრობოების ჩართულობას საზოგადოების აქტიურობის გარეშე აზრი არ აქვს.

მყავს თუ არა  პატიმარი ახლობელი, დავინტერესებულვარ თუ არა აქამდე ამ საკითხით,  მე უნდა ჩავერთო ინფორმაციის გავრცელებაში და უარი ვთქვა დანაშაულზე, დავუპირისპირდე მას , გააკეთე ეს შენც!

Advertisements

ჩვენი ვაკის პარკი – ჩვენი ბუნება

January 10, 2014

ვფიქრობდი რომელ ერთ საკითხზე დამეწერა პოსტი, ძალიან ბევრი რამ მაწუხებს. სხვა საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ავარჩიე თემა, რომელიც ყველაზე საჩქაროდ მიმაჩნია.

ხშირად ვამბობ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა-მეთქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააჩანაგოს რაც მის ირგვლივ არის.

Image

კითხვა მებადება: ის ადამიანები ვინც ვაკის პარკში ხეების გაჩეხვით და სასტუმროს აშენებით ხელებს ითბობენ ამ ყვენაში არ აპირებენ ცხოვრებას?  ჰაერი არ ესაჭიროებათ?

ჰაერი ყველასია, ფულიანის, თუ უფულოსი.  ჰაერი ერთნაირად სჭირდება ქალაქის მერიასაც, იმ აშენებულ სასტუმროში მცხოვრებსაც და უბრალო მოქალაქესაც.

ადამიანებო, ჰაერს ფულით ვერ იყიდით. ნურც სხვებს ართმევთ სუნთქვის საშუალებას და ნურც საკუთარ თავს.

გაუფრთხილდით  ბუნებას!!

არ დავიწყებ იმის მოყოლას  რას ნიშნავს ჩემთვის ეს პარკი. ყველას ვისაც უყვარს ვაკის პარკი, ვისაც არ უყვარს, ვისაც  უბრალოდ  გინდათ ისუნთქოთ მოდით აქციაზე  10 იანვარს 13:00 საათზე მერიასთან, ერთად გადავარჩინოთ ბუნება, რომელიც ყველას ერთნაირად გვჭირდება.

P.s. ძალიან ცდება ის ვინც ფიქრობს, რომ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. არ გექნებათ ჰაერი და  აგვარეთ მერე სხვა  ”უფრო” მნიშვნელოვანი პრობლემები.

https://www.facebook.com/events/1458673457693715/

საშობაო ეპისტოლე

January 8, 2014

6 იანვრის ღამეა, მალე 12 საათი შესრულდება, მთელი ოჯახი სასტუმრო ოთახში ვსხედვართ და შობის მოსვლას ველოდებით. მიყვარს ეს დღესასწაული. ვცდილობ პოზიტიური განწყობა შევიქმნა, კეთილგანწყობილი ვიყო ყველას მიმართ. პარალელურად ტელევიზორია ჩართული და პატრიარქის ეპისტოლეს კითხულობენ. რელიგიურობით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ამ  ეპისტოლეს ვუსმენ ხოლმე, ჩემთვის თუ არა ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ინტერესს იწვევს.

როცა უამრავი ადამიანი თვალებში შემოგციცინებს, შენ თითოეულ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რა უნდა თქვა? მე ვერ დავიწყებ ეპისტოლეს წერას და შენიშვნების მიცემას, საამისოდ არც ცოდნა მეყოფა და არც გამოცდილება. მაგრამ ველოდი უფრო დადებითი ეპისტოლეს მოსმენას. იმის მაგივრად რომ ტელევიზორის ეკრანიდან სიყვარული და თანაგრძნობა მეგრძნო დაძაბულობა გადმომეცა, გაკვირვებული დამტოვა საშობაო ეპისტოლემ.

“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.”

განსაკუთრებული ყურადღება ამ ამონარიდს მინდა მივაქციო, რადგან  ჩემთვის დამთრგუნველი იყო და დიდი აურზაუროც გამოიწვია საზოგადოებაში. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც მეზობელი ბავშვთან მიდის და ეუბნება ნაშვილები ხარო, ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც თითოეული ადამიანი დანარჩენებზე პრივილეგიების მოპოვებას ცდილობს. ვინც ეს ეპისტოლე შეადგინა, თუ სიკეთეს და სიყვარულს ემსახურება, რატომ არ დაფიქრდა იმ ბავშვების ბედზე ვინც უკვე ამ გზით დაიბადა (და პირველი ამ გზით დაბადებული ბავშვი უკვე 14 წლის ხდება), ან იმ ოჯახების ბედზე ვინც უკვე ამ გზით გააჩინა შვილი?

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში სადაც ყველამ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცის. და სწორედ ამ დროს ადამიანების გამოყოფა რაიმე ნიშნით და მათი სტიგმაში მოქცევა ძალიან ცუდია. მარტო მათთვის კი არა ვინც უკვე ”ამ ცოდვაში გაერია”, არამედ იმათთვისაც ვინც პრივილეგირებულად იგრძნობს თავს. ჩემთვის წარმოუდგენელია რატომ დგას ქალი რომელიც შვილს ვერ აჩენს ბუნებრივი გზით მათზე დაბლა ვინც აჩენს. ან რატომ დგას ის ქალი ვინმეზე დაბლა, რომელმაც უკვე გააჩინა შვილები და გაჭირვების გამო სხვისი შვილის დედა ხდება (ვგულისხმობ სუროგატ დედებს).

თუ მართლაც ძალიან დიდი ცოდვაა შვილის ამ გზით გაჩენა, მაინც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საზოგადოებისგან გამოვყოთ ეს ”ცოდვილები” და მრევლის ხახაში ჩავაგდოთ, რომელიც განურჩევლად ყველაფერს ჭეშმარიტებად იღებს და მზად არის აღმოფღვრას პირისაგან მიწისა ცოდვილნი, გზას აცდენილნი.  ხომ არ ჯობია მეტი ჰუმანურობისა და შენდობისაკენ მოუწოდოთ.

და არ შევქმნათ ახალი გინების ტიპი ”ყველას დედები გაგიხდათ სუროგატები!!!!”.

იქნებ ისედაც საკმარისი აგრესია და სიძულვილია ხალხში კიდევ რომ არ დავუმატოთ?

მგონი პოსტი კი არა რჩევების კრებული გამომივიდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმეა ვუყურო ისედაც აგრესიულ საზოგადოებას როგორ ემატება კიდევ უფრო მეტი აგრესია. და ის ვინც სიმშვიდეს, სიყვარულსა და სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს არსებულ ცეცხლში დიდი რაოდენობით ასხავს ნავთს.

მშვიდობით 2013

December 29, 2013

წელს ბლოგზე თითქმის არაფერი დამიწერია, საერთოდ ძალიან უნაყოფო წელი იყო. 

2013 წლის ახალი წელი ყველაზე კარგი იყო ჩემ ცხოვრებაში, აი ამით დაიწყო 

http://www.youtube.com/watch?v=wjiLYvUSytY&feature=share&list=PLF7pqmsOIFGtrGVIA5OTU2Ffjk7-gLJfy

ახალი წლის პირველი წუთები მოლოდინით იყო სავსე, მერე ის მოვიდა და მეგონა ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი წელი იწყებოდა. 

მერე მონასტერი აირია. . . გაზაფხული იყო აბურდული, დაბნეული, მაგრამ სამსახური დავიწყე. 3 თვე ვმუშაობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით თუ ჩემი სისუსტის გამო 24 საათიან სამსახურს შევეშვი. სამაგიეროდ გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გაჭირვებას ყველანაირად ებრძოდნენ. ძლიერი, ძალიან ძლიერი ქალები გავიცანი და ჩემი წიგნის იდეაც იქ გაჩნდა. 

წერა დავიწყე, დავიწყე და ისევე დაწყებული დევს სადღაც. 

მერე დაბნეული მე. რამდენიმე საათიანი მოლოდინი კიბოსი, ხო ნამდვილად იმ კიბოსი. საკუთარი თავის გამხნევება და დაჯერება რომ რაც არ უნდა იყოს სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, მოსაცდელში მამიდას ანერვიულებული სახის ყურება და მერე დროებითი სიმშვიდე.

ჩემი ყველაზე ახლო მეგობრების იშვიათად ნახვა 2013 წლის ერთ-ერთი ღირსება იყო. 

აგვისტოში გავიგეთ რომ ბიძაჩემს კიბო ჰქონდა. 

ცუდი დაბადების დღე,

ცუდი შემოდგომა.  

უნივერსიტეტის გამუდმებითი გაცდენები.

(წამიერი მომენტები როცა სახლიდან ყვითელი ფოთლების დანახვა მაბედნიერებდა).

მერე ცუდი თიკო, გულნატკენი ყველაზე ძვირფასი ადამიანები და პატიებისგან გამოწვეული სირცხვილის შეგრძნება.

უაზროდ, სადღაც გაქცევის მცდელობები, საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობები.

ბიძაჩემი გარდაიცვალა. გუშინ ორმოცი იყო. 

2013 წლის დამთავრებამდე დარჩა 2 დღე.

ეს პირველი ახალი წელი იქნება ნოდარიკოს გარეშე.

მე ასეთი პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ, ადრე რაღაცებს ველოდებოდი 31 დეკემბერს, ახლა აღარ, ან უბრალოდ ვეღარ.

მაგრამ მაინც, მიხარია რომ 2013 წელი დამთავრა.

წლის საუკეთესო სიმღერა 

http://www.youtube.com/watch?v=bpOSxM0rNPM

 

ბიძაჩემი. . .

November 26, 2013

პირველ რიგში მინდა ვთქვა რატომ ვწერ ამ თემაზე პოსტს. რამდენჯერმე მომინდა სტატუსის დაწერა, მაგრამ ჩემი გრძნობები ვერ შევამოკლე. არ ვიცი ეს ცუდია, თუ კარგი, მაგრამ მე სოციალურ ქსელებში ვცხოვრობ და ყველა ემოციას აქ გამოხვატავ. ალბათ არც ისე ცუდია, რადგან როცა ემოცია მახრჩობს დაწერის დროს ცოტა მომეშვება ხოლმე. ბევრს აღიზიანებს, რა ყველაფერს ფეისბუქზე წერენო, მაგრამ მე მიყვარს აქაურობა და მომწონს ემოციების გამოხატვაც.

19 ნოემბრის დილას უცნაურმა ხმაურმა გამაღვიძა, საძინებლიდან გამოვედი და მამიდა ტიროდა. ნოდარიკო გარდაიცვალაო. ერთ წუთს ვიჯექი, მერე გავედი და დავწექი. ვცდილობდი გამერკვია რა ვიგრძენი. არანაირი ცრემლები, არანაირი ფიზიკური ტკივილი, უბრალოდ გულის არეში ჩხვლეტა და შეგრძნება – თითქოს რაღაც მომწყდა.

17 წელი სახლში. 17 წლის წინ ბიძაჩემს ინსულტი დაემართა, 1-2 წელი ცოტა მოღონიერებული იყო, მაგრამ ჯანმრთელი არ მახსოვს. ბავშვობაში მასთან შეხვედრას გავურბოდი კიდეც, ახლაც ვერ ვხვდები რა იყო მიზეზი.

ერთი კარგი მომენტი მახსოვს, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დამირეკა, აღფრთოვანებული იყო, ემოციურად მელაპარაკებოდა, გავიგე ლაო ძი წაგიკითხავსო. საათზე მეტი ვსაუბრობდით წიგნებზე, ძალიან ამაყი იყო ჩემით, ვარჩევდით საუკეთესო ხუთეულს. თუ საუბარი დაგჭირდება მოდი ან დამირეკე, მე ყოველთვის მზად ვარ, ახლა აღარ მოგაცდენო და გათიშა. სხვა დროს ასეთი ნოდარიკო არ მახსოვს, მინდოდა ეს საუბარი დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, მაგრამ ვიდექი და ყურმილიდან გამომავალ გაბმულ წუილს ვუსმენდი. ზოგჯერ მგონია ტელეფონი დარეკავს და ისევ დავილაპარაბეთ.

რა შემიძლია ვთქვა მასზე? მხოლოდ ის ვიცი რომ საოცრად განათლებული ადამიანი იყო, რომელიც ძალიან დაიტანჯა. აგვისტოს ბოლოს გავიგეთ რომ კიბო ჰქონდა, თუმცა მე ისევ ჩავთვალე რომ ესეც გადაივლიდა. ჩავთვალე რომ მას ყველაფრის გადატანა შეეძლო. რა გვაკავშირებდა ჩვენ? ტელეფონის ზარები, ჩემი მოკლე პასუხები, ბოლო სასიამოვნო საუბარი და მანდარინის ნამცხვარი, რომელიც მამიდამ გამოუცხო და მოუთმენლად ელოდებოდა როდის მივუტანდი.

თავიდან ტკივილი არ იყო, ახლა კი იმატებს და იმატებს. როცა ვასაფლავებდით მაშინაც მხოლოდ ბოდიში მოვუხადე, წლების განმავლობაში ერთხელაც არ მითქვამს რომ მიყვარდა. მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება აქვე იყო და ერთხელაც არ ჩავხუტებივარ. ახლა კი რაღაც უცნაური ტკივილი პერიოდულად ტირილს მაიძულებს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მისი წლების ტანჯვა ახლა ჩემს გულშია და აღარასდროს გაივლის.

როგორ ვერ ვამჩნევდი მის ბავშვურ სიხარულს როცა მივდიოდი, და თუ ვერ ვამჩნევდი ახლა როგორ ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში? ანუ ვამჩნევდი და ვაიგნორებდი. ჩვენ თითოეულ წამს რამდენ რამეს ვაიგნორებთ და მერე ძალიან გვიან ტკივილის სახით გვიბრუნდება. ეს არის ალბათ სასჯელი იმისა, რომ ძვირფას ადამიანებს ვერ ვაფასებთ.

სწორედ ეს გამოუხატელი გრძნობები არის ჩემში გამოკეტილი და ახლა მის გამოხატვას აზრი აღარც აქვს, სურვილი დავდგე და ვიყვირო ნოდარიკო ძალიან მიყვარხარ ტკივილს ვეღარ უშველის.

ადრე სიკვდილი ჩემთვის მხოლოდ მძიმე ემოციების გასაფორმებელი სიტყვა იყო, ვთვლიდი რომ მე ვერაფერს დამაკლებდა. ახლა კი ნათლად ვხედავ რომ საკუთარი სიცოცხლე არაფერია საყვარელი ადამიანების სიცოცხლესთან შედარებით, ალტრუისტულად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

ეს ვეღარაფერს შეცვლის, მაგრამ თუ სიცოცხლე სიკვდილის მერეც არსებობს და გარდაცვლილებს ჩვენი ესმით ბიძაჩემიც გაიგებს ფრაზას, რომელსაც ძალიან ხშირად ვიმეორებ როცა მარტო ვრჩები:

– მოვალ და წაგიკითხავ ხოლმე ლაო ძის, აუცილებლად მოვალ.

გამარჯობა პრეზიდენტო!

November 17, 2013

დღეს 17 ნოემბერია, საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია. ტელევიზორში რამდენჯერმე მოვკარი თვალი დღევანდელ მოკრძალებულ ღონისძიებას.

როგორია ახალი პრეზიდენტი ჩემს თვალში: არ არის ზედმეტად ემოციური, ტინგიცა, თაყვანისცემის მოყვარული. არის დინჯი, გაწონასწორებული. ჩემში არ იწვევს აღფრთოვანებას ან უარყოფით ემოციებს, უბრალოა.

ვერ ვიტყვი რომ დიდ იმედებს ვამყარებ ახალ მთავრობაზე, მისგან ბევრს არაფერს ვითხოვ. არჩევნებზე იმ განწყობით მივედი რომ ვირჩევდი პრეზიდენტს, რომელიც თანასწორობის მომხრე იქნებოდა, არ მოითხოვდა ხალხსიგან სიყვარულს და მორჩილებას (რადგან თავად უნდა იყოს ხალხის მორჩილი). მინდოდა ამერჩია ხელისუფალი, რომელიც უნახავი არ იყო და მთელ ქვეყანას არ გადააქცევდა ერთ დიდ ღრეობად.

გამარჯობა პრეზიდენტო! მე იმედი მაქვს, რომ აგირჩიე ფანატიზმს მოკლებული და მშვიდი ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობებს ხალხის წინაშე. არ წარმომიდგენია რომ 4 წელიწადში ეს ქვეყანა აშენდება და სიმშვიდის საუკეთესო მაგალითად გადაიქცევა, უბრალოდ მინდა სულის ამოხდითა და სისხლის გაშრობით სახელმწიფო სადავეებიდან არ გვემუქრებოდნენ.  მინდა ვიცხოვრო სახელმწიფოში სადაც ადამიანი იქნება მთავარი ღირებულება და არავინ შეეცდება პიროვნების დაჩაგვრას, დამცირებას და თუ შეეცდება კანონი ეხმარებოდეს ყველა ჩაგრულს.

მინდა შემდეგ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გააკეთოს არჩევანი და დღევანდელმა ხელისუფლებამ მარტივად დათმოს თავისი სკამი. მინდა განსხვავებული აზრის ადამიანი დაცული იყოს, დაცული იყოს დანაშაულის ჩამდენიც და არავინ აწამებდეს. არაფერი განსაკუთრებული არ მინდა, არც ზეციური საქართველოსკენ სვლას ვითხოვ და არც გაბრწყინებას, უბრალოდ გააცნობიერეთ თქვენი მოვალეობები და შეასრულეთ ღირსეულად.

ჩვენ თქვენ 4 წლით დაგიქირავეთ, გისურვებთ წარმატებას და ძალაუფლების სწორად გამოყენებას.

ტურნირიდან ტურნირამდე

November 10, 2013

პოკერი ძალიან მიყვარს, ჩემს ბლოგზე ერთი პოსტი უკვე მიეძღვნა ამ თემას, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ 21 წლის არ ვიყავი და აჭარაბეთის მიერ მოწყობილ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია.

7 ნოემბერს აჭარაბეთმა ბლოგერებისთვის პატარა სატელიტ ტურნირი მოაწყო, 10 მონაწილე ვიყავით და პირველ 3 ადგილზე გასული ”young guns” ბილეთს იგებდა.  საერთოდ ძალიან ემოციური ვარ და თამაშამდეც ვღელავდი, თან ლაივში თამაშის გამოცდილება არ მქონდა. დილის 12-ის ნახევარზე აჭარაბეთის პოკერ რუმში ვიყავი, 12-ზე ტურნირი დაიწყო. ძალიან კარგი გარემო დამხვდა, მალე თამაშიც დავიწყეთ.

Image

საწყისი ბანკროლი 3000 იყო, ბლაინდები 25/50 და ათ წუთში იცვლებოდა. თამაში სწრაფად მიმდინარეობდა, მე კიდე სათამაშო კარტი არ მომდიოდა. საერთოდ მოთმინების უნარი არ მაქვს და მეგონა იქაც ძალიან გამიჭირდებოდა, ხანგრძლივად თამაშში ის დამეხმარა, რომ მაღალი კარტი არ მომივიდა და ოლინის დაძახების შესაძლებლობაც არ მომცემია. როცა ვხედავდი რომ  ფლოპზე არ იდო საჩემო კარტი თამაშს ვეთიშებოდი, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ როცა ონლაინში თამაშობ ხშირად უფრო თამამდ რისკავ.

ჩემმა მოთმინებამ ის შედეგი გამოიღო რომ J9-ით სტრიტი ავაწყვე და როგორც მახსოვს ცოტა ხნით ჩიპ ლიდერიც გავხდი. მაგრამ ბლაინდები სწრაფად იზრდებოდა, ყოველი ბიგ ბლაინდის მოახლოებისას ძალიან ვღელავდი. როცა 6 მოთამაშე ვიყავით დარჩენილი  რამდენჯერმე ძალაუნებურად ოლინის თქმაც მომიწია (ანუ ძალიან ცოტა მქონდა სათამაშოდ დარჩენილი და შენახვას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა), ზედიზედ გამიმართლა, განსაკუთრებით კარგად მახსოვს J5-ით A10-ს მოვუგე, გახარების მიუხედავად ”უსამართლო” ხელის მოგება ცოტათი შემრცხვა, თუმცა გახარება უფრო დიდი იყო.

ვერ ვიტყვი განსაკუთრებულად კარგად ვითამაშე-მეთქი, უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ ალბათ ჩემი წილიც ერია იმაში, რომ სამეულში გავედი.

Image

როცა ბილეთი უკვე ჩემი იყო და თამაშის გაგრძელება ჩვენზე იყო დამოკიდებული, A10-ში ოლინი დავიძახე და თამაშიც დავტოვე.

ძალიან გამიხარდა ბილეთის მოგება, იმაზე მეტად ვიდრე ველოდი. მივიღე გამოცდილება, რომ არავითარ შემთხვევაში ასე აღარ უნდა ვინერვიულო. რაღაც მომენტში დამწყებ მოთამაშედაც ვგრძნობდი თავს. გავაკეთე აღმოჩენა – ლაივში გაცილებით სასიამოვნოა პოკერის თამაში და პოკერი ძალიან მიყვარს.

ახლა კი ველოდები 14 ნოემბერს, წინ გაცილებით სერიოზული თამაში მელოდება.

დიდი მადლობა აჭარაბთს, მალე ჩემს ბლოგზე ემოციებით სავსე და აზარტული პოსტი გელოდებათ,  მე კი წინ სერიოზული ”young guns” ტურნირი.