Skip to content

ტურნირიდან ტურნირამდე

November 10, 2013

პოკერი ძალიან მიყვარს, ჩემს ბლოგზე ერთი პოსტი უკვე მიეძღვნა ამ თემას, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ 21 წლის არ ვიყავი და აჭარაბეთის მიერ მოწყობილ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია.

7 ნოემბერს აჭარაბეთმა ბლოგერებისთვის პატარა სატელიტ ტურნირი მოაწყო, 10 მონაწილე ვიყავით და პირველ 3 ადგილზე გასული ”young guns” ბილეთს იგებდა.  საერთოდ ძალიან ემოციური ვარ და თამაშამდეც ვღელავდი, თან ლაივში თამაშის გამოცდილება არ მქონდა. დილის 12-ის ნახევარზე აჭარაბეთის პოკერ რუმში ვიყავი, 12-ზე ტურნირი დაიწყო. ძალიან კარგი გარემო დამხვდა, მალე თამაშიც დავიწყეთ.

Image

საწყისი ბანკროლი 3000 იყო, ბლაინდები 25/50 და ათ წუთში იცვლებოდა. თამაში სწრაფად მიმდინარეობდა, მე კიდე სათამაშო კარტი არ მომდიოდა. საერთოდ მოთმინების უნარი არ მაქვს და მეგონა იქაც ძალიან გამიჭირდებოდა, ხანგრძლივად თამაშში ის დამეხმარა, რომ მაღალი კარტი არ მომივიდა და ოლინის დაძახების შესაძლებლობაც არ მომცემია. როცა ვხედავდი რომ  ფლოპზე არ იდო საჩემო კარტი თამაშს ვეთიშებოდი, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ როცა ონლაინში თამაშობ ხშირად უფრო თამამდ რისკავ.

ჩემმა მოთმინებამ ის შედეგი გამოიღო რომ J9-ით სტრიტი ავაწყვე და როგორც მახსოვს ცოტა ხნით ჩიპ ლიდერიც გავხდი. მაგრამ ბლაინდები სწრაფად იზრდებოდა, ყოველი ბიგ ბლაინდის მოახლოებისას ძალიან ვღელავდი. როცა 6 მოთამაშე ვიყავით დარჩენილი  რამდენჯერმე ძალაუნებურად ოლინის თქმაც მომიწია (ანუ ძალიან ცოტა მქონდა სათამაშოდ დარჩენილი და შენახვას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა), ზედიზედ გამიმართლა, განსაკუთრებით კარგად მახსოვს J5-ით A10-ს მოვუგე, გახარების მიუხედავად ”უსამართლო” ხელის მოგება ცოტათი შემრცხვა, თუმცა გახარება უფრო დიდი იყო.

ვერ ვიტყვი განსაკუთრებულად კარგად ვითამაშე-მეთქი, უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ ალბათ ჩემი წილიც ერია იმაში, რომ სამეულში გავედი.

Image

როცა ბილეთი უკვე ჩემი იყო და თამაშის გაგრძელება ჩვენზე იყო დამოკიდებული, A10-ში ოლინი დავიძახე და თამაშიც დავტოვე.

ძალიან გამიხარდა ბილეთის მოგება, იმაზე მეტად ვიდრე ველოდი. მივიღე გამოცდილება, რომ არავითარ შემთხვევაში ასე აღარ უნდა ვინერვიულო. რაღაც მომენტში დამწყებ მოთამაშედაც ვგრძნობდი თავს. გავაკეთე აღმოჩენა – ლაივში გაცილებით სასიამოვნოა პოკერის თამაში და პოკერი ძალიან მიყვარს.

ახლა კი ველოდები 14 ნოემბერს, წინ გაცილებით სერიოზული თამაში მელოდება.

დიდი მადლობა აჭარაბთს, მალე ჩემს ბლოგზე ემოციებით სავსე და აზარტული პოსტი გელოდებათ,  მე კი წინ სერიოზული ”young guns” ტურნირი.

Advertisements

უსათაურო პოსტი

March 26, 2013

როცა მე თვითონ არ მჯეროდა ჩემი თავის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარწმუნებდნენ რომ ძალიან ძლიერი ვარ და ბევრ რამეს მივაღწევ. ორი კვირაა მუშაობა დავიწყე, სამ დღეში ერთხელ 24 საათი ვმუშაობ, სამსახურიდან უნივერსიტეტში მივდივარ და ხშირად სახლში ცივი გამომეტყველებითა და ატკიებული ფეხებით ვბრუნდები. შევდივარ სახლში, ვჯდები, ცხელ შოკოლადს ვიკეთებ და ვხვდები რომ არ შემიძლია გაჩერება. როცა მგონია რომ ენერგია ამომეწურა, სწორედ მაშინ აღმომაჩნდება ხოლმე ენერგიის დიდი მარაგი.
ვსწავლობ ჯიპაში და ლევან ბერძენიშვილის ლექციიდან ვიღებ ძალას, რომლითაც შემდეგ ვაგრძელებ გზას. უნივერსიტეტში ვიღებ ემოციას, რომ ძალიან ძლიერი ვარ და ყველაფერს შევძლებ. რაც დრო გადის თითოეული ადამიანის თვალებში ვხედავ ჩემდამი პატივისცემას. ახლაც ჯიპადან მოვდივარ და ვგრძნობ რომ მე ჩემი ადგილი ვიპოვნე. დარწმუნებული ვარ შევძლებ მუშაობას და სწავლას ერთად,
რაც უფრო ცოტა დრო გაქვს, თურმე უფრო მეტად  ხარმონდომებული.
ამ წუთას სამი მიზანი მაქვს გამოკვეთილი:
გავხსნა ჩემი წიგნების მაღაზია, რომელსაც ერქმევა “შენი წიგნების მაღაზია”. იქ ვიმუშაო მეც და ვითანამშრომლო ადამიანებთან, რომლებსაც თითოეული ფურცელი ეყვარებათ, ჩემსავით დასუნავენ ხოლმე ფურცლებს და ბედნიერები იქნებიან წიგნებთან ურთიერთობით. წიგნის პატარა სახლი მინდა მქონდეს, რომელიც ჩემი ზრუნვითა და მუხლჩაუხრელი შრომით იარსებებს.
გავზარდო ისეთი შვილი, რომელიც საამაყო იქნება თავისი მეგობრებისა, თუ ნაცნობებისათვის. რომელზეც იტყვიან: ეს ის ადამიანი არ არის წარმატებისთვის ძალიან ბევრი რომ იშრომა? რამდენი სიკეთეა მის თვალებში.
ვიყო ყოველთვის მებრძოლი და არასდროს დავიხიო უკან.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ სივრცეზე რომელიც ჩემს გონებაშია, ნელ-ნელა ვაწყობ ამ სივრცეს და ვცდილობ ის “წიგნი” დავწერო, რომლის დაწერაც ფურცლებზე ჯერჯერობით ვერ შევძელი.
ვიხსენებ როგორ ვოცნებობდი ჩემი ენერგიისა და დროის სწორად გამოყენება მესწავლა, და მგონი ნელ-ნელა ესეც გამომდის.
მახსენდება მამიდაჩემი, რომელიც ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში და სულ სჯერა ჩემი.
მეცხრე კლასის ქართულის მასწავლებელი, რომელსაც თიკო გაბუნიასი ჩემზე მეტად სჯეროდა.
მახსენდება “მასკიში” ჩემი სოციოლოგიის ლექტორი თეა თოფჩიშვილი, რომლის თვალებშიც ნათლად ვხედავდი, რომ ჩემი სჯეროდა.

რამაზ საყვარელიძე, რომელიც გამიზნულად თუ თავისდაუბენურად ჩემს თავში მარწმუნებდა.

მახსენდებიან ადამიანები, ვის თვალებშიც ხშირად ვხედავ “შენ ეს გამოგივა”.
და კინაღამ დამავიწყდა, ყველაზე მეტად მინდა სარკეში ჩახედვისას, მოპირდაპირე ადამიანის თვალებში ვხედავდე ნდობას და ის ამაყობდეს ჩემით.

შენ ჰომოფობი ხარ ანუ…

January 15, 2013

ძალადობა  გადამდებია, ხშირად ძალადობის შემსწრე ადამიანები თავად ხდებიან მოძალადეები, ან სერიოზულ ფსიქიკურ დაზიანებებს იღებენ. გადამდებია ზიზღი, სიძულვილის ენა. 

ახლა ყველაზე აქტიური თემა შერჩევითი სამართალია. გავრცელდა კადრები, რომელსაც წინა ხელისუფლება იღებდა ჰომოსექსუალების პირად ცხოვრებაზე და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა. ჩემს ფეისბუქზე ძირითადად აღშფოთებაა, თუმცა ჩემთან საზოგადოების ის მცირედი ნაწილია, რომლის შეკოწიწებასაც საღად მოაზროვნე ადამიანებისგან ვცდილობ(რამდენად გამომდის ეგ კიდევ საკითხავია). რეალურ ცხოვრებაში რთულად არის საქმე, აბა ვცადო და გავიკითხო რას მეტყვიან ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები . . . არ მინდა მაგის ცდა, თუმცა სავარაუდო რეაქციები ვიცი. ყველაზე ლმობიერი ადამიანი ცოტა ხანი გაჩუმდება და მერე მეტყვის:

 

-აუუფ, ცუდი ამბები მომხდარა. თუმცა ჰომოსექსუალები… არ უნდა ახდენდნენ თავისი პირადი ცხოვრების და ორიენტაციის გასაჯაროებას, თუმცა მე ყველანაირი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ, ხო იცი არა? 

რაზე უნდა ვილაპარაკო, თავად მე ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი ვინცაა ხშირად უთქვამს ირონიით : – ოჰ, ამოიღო ხმა ჰომოსექსუალების უფლებათა დამცველმა. 

Image

ან რამდენს უთქვამს ”რა ვქნა ჰომოფობი ვარ” და შემდეგ სამართლიანობაზე დაუწყია საუბარი, როგორ იტანჯებიან ადამიანები, რა საშინელებაა სიღარიბე და ძალადობა. 

იცით რა გამახსენდა?

გამახსენდა რუსეთში მეტროში ბომბი რომ აფეთქდა, ქართველების კომენტარები ვიდეოებზე, თუ სტატიებზე, უარესის ღირები არიანო, იშ რა მაგარია ეგრე მოუხდებათო და ალბათ რამდენიმე მათგანი ხმასაც აიმაღლებდა ძალადობის წინააღმდეგ, შეიძლება ახლა ამ კადრებზეც იყოს აღშფოთებული. 

შერჩევითი სიკეთე არ არსებობს, ან გაქვს კეთილი გული, ან არა. თუ კადაფის წამების კადრების ყურებისას გაგიჩნდა შეგრძნება, რომ ის ამას იმსახურებდა, რომელ სიკეთეზეა ლაპარაკი? თუ მხოლოდ მაშინ გიჩუყდება გული, როცა გაწყობს, რომელ სიკეთეზე და ადამიანობაზეა ლაპარაკი? 

არ ვიცოდი ემოციები სად წამეღო და ამიტომ ბლოგზე შემოვედი. 

არ მეზიზღება ეს საზოგადოება, რადგან თუ მეზიზღება საზოგადოება რომელშიც ვცხოვრობ, ესე იგი, პრობლემა ჩემშია. ზიზღის და სიძულვილის გადმომცემი ადამიანების მხრიდან, არანაირი სოლიდარობის და უფლებების დაცვის არ მჯერა. 

რამდენი ადამიანი გამოდიოდა პატიმრების უფლებების დასაცავად და იქიდან რამდენს გაუხარდება სააკაშვილის კადაფის მდგომარეობაში ნახვა? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი.

”ყველანაირი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ…” (ის ქალი იმსახურებდა ბოზი იყო. ის ბიჭი იმსახურებდა გეი იყო. ის ადამიანი…)

და სადაც არის მაგრამ იქ თქვენ ჰომოფობი ხართ და იქვე პოტენციური მოძალადეც. 

ქართული ახალი წელი და მეეზოვეები

January 3, 2013

ამ ახალ წლის დღეებში ნამდვილად არ მინდოდა უარყოფითი პოსტის დაწერა, რადგან 2013-ს არაჩვეულებრივად შევხვდი და ძალიან კარგად დაიწყო ეს წელი.

ჩემს მეზობლებზე გაბრაზებულს პოსტი უკვე მაქვს დაწერილი, ახლაც მსგავს თემას უნდა შევეხო.

წლევანდელი პირველი სამი დილა ძილში გავატარე, და დღეს პირველად გავიხედე ფანჯრიდან. საშინელ განწყობაზე დავდექი. მშვენიერ ხასიათზე გაღვიძებულს საახალწლო მაშხალების მინდორი დამხვდა.

ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია, სულ კარგ ხასიათზე ვარ და ადამიანების მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ამ კეთილ დღესასწაულზე შენი შვილების გასამხიარულებლად ყიდულობ მაშხალებს, ღამის თორმეტ საათზე ერთად ისვრით, რომ კიდევ უფრო კარგი განწყობა შეუქმნათ თქვენს ბავშვებს და მერე ფანჯრიდან ყრით. აი რატომ? მართლა ძალიან მაინტერესებს. რატომ უნდა გადაყარო ნაგავი იქ სადაც მეორე დღეს შენი შვილი სათამაშოდ ჩადის?

dust434A

არა რა, ადამიანები ბუნებისგან ”2012-ზე” უარეს რამეს ვიმსახურებთ, ოდნავაც კი არ ვუფრთხილდებით იმას რაც ჩვენ გარშემოა, ხოლო სამყაროსგან ყველაფერ საუკეთესოს ვითხოვთ. ვთვლით რომ ვიმსახურებთ კარგ ხელისუფლებას, კარგ ამინდს, წარმატებებს და ლამაზ ცხოვრებას, ამ  დროს კი ირგვლივ სიბინძურეს ვაფრქვევთ.

თავიდან ბავშვებზე გავბრაზდი, მათ უყვართ ეს საახალწლო ”გასართობები”, თუმცა ახლა  უნდა ვთქვა –

ეს გადმოყრილი მაშხალები უნდა აიღო, ჩამოუარო და ყველა იმ მშობელს ”მიართვა”, რომელმაც საკუთარ შვილს არ ასწავლა გარემოს მოფრთხილება და ძალიან ხშირად თვითონაც არიან ინიციატორები, რომ ბავშვბმა ფანჯრიდან გადმოაგდოს.

ყველა ასეთი მშობელი უნდა იყოს მეეზოვე, ამაში არ უნდა უხდიდნენ ფულს და მათ სამსახურებში უნდა იყვნენ ის მეეზოვეები, რომლებიც ამ ახალ წლებზე გადმოყრილ ნაგავს ალაგებენ.

ძალადობა ოჯახში

December 19, 2012

ძალადობა ოჯახში – ყოვლისმომცველი და ყოველდღიური რეალობაა, რომელსაც ეჯახება ქალების დიდი ნაწილი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა.

ამ თემაზე საზოგადოება საუბრობს, თუმცა პრობლემა კარგად არის დამალული, ადამიანები არ უპირისპირდებიან საკუთარ ოჯახის წევრებს და ძალადობას ითმენენ.  სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ ოჯახური პრობლემების გარეთ გატანა არ შეიძლება, თუმცა ძალადობა ის შემთხვევაა, როცა მსხვერპლმა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება – ამაში მას კანონიც ეხმარება( შემაკავებელი და დამცავი ორდერები).

violenceსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ასახულია 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44-წლამდე ქალები არიან, ასევე, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა  თბილისი  (632  ფაქტი),  მეორეზე  – აჭარა  (84).

ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობს ”საია”(საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია). აქ დაზარალებულს უფასოდ უწევენ კონსულტაციას და ადვოკატის მომსახურებაც უფასოა, თუმცა ძირითადად დაზარალებულები მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოიფარგლებიან (კვირაში 4-5 ზარი შედის ცხელ ხაზზე).

საქართველოში არსებობს სახელმწიფო თავშესაფრები, თუმცა იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია – სახელმწიფომ დაზარალებულად უნდა გცნოთ, რისთვისაც სპეციალური 5 კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი არსებობს.

თუ ადამიანს ეშინია პირდაპირ  პატრულთან დარეკვის, მას შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. არასამთავრობო თავშესაფრებიც არებობს, სადაც დაზარალებულს უპრობლემოდ შეუძლია მოხვედრა. თუმცა თავშესაფრები დროებითია და ძალადობის შესაჩერებლად აუცილებელია სპეციალური მოქმედებების გატარება, რომელიც იწყება პატრულთან დარეკვით და სერიოზულ შემთხვევაში შეიძლება სასამართლომდეც მივიდეს. მსგავსი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი არის ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი”, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. მათ აქვთ თავშესაფარი, ყავთ ადვოკატი და ფსიქოლოგი, რომელიც გაუწევს დახმარებას დაზარალებულს.

Domestic_violence

არ არის სასიამოვნო ოჯახის წევრისთვის ჩივილი, მსხვერპლი ამ დროს  შედეგებზეც შეიძლება ნერვიულობდეს. მათ უნდა იცოდნენ რომ მარტო არ არიან და ბევრი მექანიზმი არსებობს თავის დასაცავად, მთავარია სურვილი დაახწიონ თავი ძალადობას და არ შეეგუონ.

აუცილებელია ბევრი პროექტების არსებობა და ორგანიზაციების გაპიარება, რადგან მხოლოდ ძალადობასთან დაპირისპირების სურვილი საკმარისი არ არის. საზოგადოება და სახელმწიფო უნდა გაძლევდეს ბიძგს დაიცვა საკუთარი უფლებები.

მსხვერპლს აუცილებლად ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და დახმარების გზებზე შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

დავანგრიეთ სისტემა?

October 4, 2012

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, არჩევნებამდე სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციები იმართებოდა “სისტემა უნდა დაინგრეს”, ეს აქციები მოჰყვა პატიმრების წამების კადრების გავრცელებას.

სისტემა უნდა დაინგრეს

სისტემა უნდა დაინგრეს

არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და 8 წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება (ჯერ პროცესია შეცვლის).

ჯერ ქვეყანაში სიმშვიდე არ არის, ზოგგან იმართება აქციები სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები შედეგებს აპროტესტებენ (კერძოდ ზუგდიდი, აქ როლანდ ახალაიამ მოუგო ირაკლი ალასანიას), სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები რომ ქალაქში მომრავლდა ქურდობები, მოკლედ ქვეყანა არჩევნების შემდგომ ეიფორიაშია.

ამ ეიფორიის გამო ხშირად მხვდება ირონიული კითხვა “ჰა, რა ქენით, დაანგრიეთ სისტემა?”, მინდა ამ კითხვას გავცე პასუხი.

არა, სისტემა ჯერ არ დაგვინგრევია. ეს სისტემა შენდება ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დაწყებიდან, რადგან მაშინდელ უსამართლობებს მოქმედი ხელისუფლების მიერ გამოუძიებელი საქმეები, ჩადენილი დანაშაულები მოჰყვა. ამდენი წლის ნაშენებ სისტემას მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებით ვერ დავანგრევდით.

სისტემის დასანგრევად საჭიროა რომ შემდეგ ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება გააგრძელოს ეს დანაშაულებრივი რეჟიმი, ანუ შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ გაჩუმდება.  ხმას ამოიღებს და დაანახებს მმართველ ძალას, თუ რა სჭირდება ქვეყანას.

საჭიროა გამოძიებული იყოს ყველა დანაშაული, დასჯილი იყოს აფსოლუტურად ყველა დამნაშავე ძველი თანამდებობების მიუხედავად, გადაიხედოს სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმი და გადასახადები, აღარ იყოს მედიაზე ზეწოლა (ხელისუფლებას არ ჰქონდეს საკუთარი ტელეარხები). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის რომ მოსახლეობამ იგრძნოს სამარლიან ქვეყანაში ცხოვრება, გადაფასდეს ღირებულებები და მთავარი ღირებულება ადამიანის ღირსება, მისი უფლებები გახდეს.

პირველ რიგში კი ახალი ხელისუფლება უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს.

მეგობრებო თქვენს ირონიას გავცემ ასეთ პასუხს – არა, სისტემა არ დაგვინგრევია, იგი საფუძვლიანად შევარყიეთ და ახლა უნდა დავიწყოთ, სამართლიანი სახელმწიფოს აშენება, სადაც მშობელს არ შეეშინდება, რომ მის პატიმარ შვილს ცუდად ექცევიან, სადაც მოქალაქეები არ იგრძნობენ თავს სახელმწიფოს მონებად.

დიდი იმედი მაქვს რომ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში სადაც ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანი იქნება.

“ჩვენ აღარ უნდა გვეტკინოს დემოკრატია”.

Fuck The System

September 21, 2012

“ხალხო არ ვაპატიოთ, შვილებს დაგვიხოცავენ”

http://www.youtube.com/watch?v=AORsbrxXMd8&feature=

ყველა მოძალადე ხელისუფალი უნდა დაისაჯოს, რადგან მომავალმა მმართველებმა გაითვალისწინონ ხალხის უნდა ეშინოდეთ!

http://soundcloud.com/komuna-ge/llijrdknso20

“იმას რაც ციხეში მოხდა არ უშველის მოდიშის მოხდა”, “სისტემა უნდა დაინგრეს”.

სისტემა ინგრევა, მივმართავ ხელისუფლების მხარდამჭერ “ხელოვან” ადამიანებს სად ტ-აკში წახვალთ? თქვენ უნდა გქონდეთ სინდისი და იდგეთ ხალხის გვერდით, მაგრამ რა ჩვენი ბრალია რომ არ გაქვთ. თუმცა ნინა წკრიალაშვილმა თქვა თუ ნაციონალები არ გაიმარჯვებენ საქართველოდან წავალო, ყველას მოგიწევთ მინიმუმ სოროებში შემალვა, რადგან თქვენი ძვირფასი სისტემა ი ნ გ რ ე ვ ა.

FUCK THE SYSTEM!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

(სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა დამნაშავეების მიმართ, ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავე ხელისუფლებას, ჩამოსათვლელად ძალიან ბევრია ვისაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი, ყველა გამოუძიებელი საქმე უნდა გადაიხედოს).